თეა წულუკიანი - ლაშა ტალახაძემ ღირსეულად ატარა საქართველოს დროშა ოლიმპიურ თამაშებზე და დღევანდელი გამარჯვების აღსანიშნავად ააჟღერებინა სახელმწიფო ჰიმნი
ლაშა ტალახაძემ ღირსეულად ატარა საქართველოს დროშა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და დღეს მისი გამარჯვების აღსანიშნავად ააჟღერებინა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, – წერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.
„ქართული სპორტის ლეგენდას ლაშა ტალახაძეს (+109 კგ) ვულოცავ ოლიმპიურ ჩემპიონობას! ლაშამ ტოკიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე ბრწყინვალე ასპარეზობით საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა!
ჩვენ ყოველთვის გვყავდა მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რომლებიც საერთაშორისო სარბიელზე გამორჩეულ ადგილს იკავებდნენ, ეპოქას ქმნიდნენ. გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სწორედ ასეთია ლაშა ტალახაძე, უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი მსოფლიო რეკორდის მფლობელი.
ლაშამ, როგორც ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური გუნდის მედროშემ, ღირსეულად ატარა საქართველოს დროშა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და დღეს მისი გამარჯვების აღსანიშნავად ააჟღერებინა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი!
ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ჩემპიონობა არა მარტო ქართული სპორტის, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. ვულოცავ ლაშას და ვულოცავ სრულიად საქართველოს“, – წერს თეა წულუკიანი.
ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. მან +109 კგ წონით კატეგორიაში ატაცში 223 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.