ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია - რიოს ოლიმპიადის ოქროს ქართველმა ძალოსანმა ტოკიოს ოქრო მიამატა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მეორე ოქროს მედალი ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. მან +109 კგ წონით კატეგორიაში ატაცში 223 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

აკვრაში კი, მესამე ცდაზე 265 კგ შეუკვეთა, რაც ერთით მეტი იყო მის პირად და მსოფლიო რეკორდზე. რა თქმა უნდა, ეს წონაც დაძლია და ოლიმპიადა სამი მსოფლიოს რეკორდით დაასრულა.

223+265=488 კგ ორჭიდის ჯამში – მესამე მსოფლიო რეკორდი.

პირველ ცდაზე ქართველმა ძალოსანმა 208 კგ შეუკვეთა და იოლად დაძლია, მეორეზე – 215 კილოგრამს შეუტია. მისი აწევა ოლიმპიური რეკორდის დამყარებას ნიშნავდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მას არც ოლიმპიური რეკორდის დამყარება გასჭირვებია.

მესამე ცდაზე მისმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ 221 კგ შეუკვეთა. თუმცა ბოლო მომენტში 223-ად გადააკეთა. მიზეზი მარტივია – 222 კგ ლაშას მიერ დამყარებული მსოფლიოს რეკორდი იყო. მისი გაუმჯობესებისთვის კი ერთით მეტი კილოგრამი იყო საჭირო.

ლაშა მივიდა და 223 კილოგრამიც დაძლია.

 

აკვრაში ტალახაძის მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველ ცდაზე 247 კგ შეუკვეთა. მისი დაძლევა საკმარისი აღმოჩნდებოდა ოლიმპიური ოქროს მოსაგებად. მოიგო კიდეც. თუმცა რჩებოდა ორი ცდა.

მან ჯერ 255 შეუკვეთა, დაძლია და ოლიმპიური რეკორდი გააუმჯობესა. ამის შემდეგ ტალახაძემ მსოფლიოს რეკორდს შეუტია, რომელიც თავადვე ჰქონდა დამყარებული ევროპის ჩემპიონატზე – 264 კგ. ეს წონა ლაშამ ერთი კილოგრამით დაამძიმა, არც მისი აწევა გასჭირვებია და ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონობას მესამე მსოფლიო რეკორდი მიამატა.