თეა წულუკიანი - გადახდისუუნარობის კანონთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მთავრობა ყოველთვის მზად არის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის
საქართველოს მთავრობამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის პროექტი დაამტკიცა, დღეიდან პარლამენტში გაიგზავნება სრულიად ახალი კანონის პროექტი, რომელიც შეცვლის გადახდისუუნარობის შესახებ მოქმედ კანონმდებლობას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ახალი კანონპროექტის სახელწოდებაა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელსაც პაკეტში ათეულობით თანმდევი პროექტი ახლავს.
თეა წულუკიანმა რეფორმის მთავარი მიზანი განმარტა.
„ამ ფუნდამენტური რეფორმის მთავარი მიზანია, შეიქმნას ეკონომიკურად ჯანსაღი საკანონმდებლო ნორმები, რათა პრობლემების წინაშე აღმოჩენლი კომპანიისთვის შესაძლებელი იყოს რეაბილიტაციის პროცესი, ანუ პირველ რიგში მიზანი იყოს არა გაკოტრება და კომპანიის დაღუპვა, არამედ გადარჩენა და სირთულეების პროცესში, როგორც მოვალის ინტერესების დაცვა, ასევე დასაქმებული პირების ინტერესების უკეთ დაცვა, რა თქმა უნდა, კრედიტორთა უფლებების დაცულობაც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, კანონპროექტში ძალიან ბევრი ნოვაციაა, გათვალისწინებულია სასამართლოს მიღმა პროცედურებიც.
„სანამ საქმე გადახდისუუნარობამდე მივა, რეგულირებული შეთანხმების ინსტიტუტი შემოდის, ხოლო თუ სასამართლომდე მივა, სასამართლოს უფლებამოსილებაა, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ცნოს ან არ ცნოს დასაშვებად, დასაშვებობის შემთხვევაში კი, გახსნას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმი. კანონი კონვერსიის შესაძლებლობასაც უშვებს, თუ რეაბილიტაციის პროცესში გამოიკვეთა ამგვარი პროცესის უპერსპექტივობა, გაკოტრების რეჟიმზე გადავიდეს პროცედურა და პირიქით, გაკოტრებისას თუ გამოიკვეთა რეაბილიტაციის საშუალება, დაუბრუნდეს პროცესი რეაბილიტაციის რეჟიმს“, – განაცხადა მინისტრმა.
კანონპროექტით შემოდის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ცნება და პროცესში არაპროფესიონალების მონაწილეობა აიკრძალება.
„ამასთან, გარდამავალი, ერთწლიანი პერიოდი იქნება მათთვის, ვინც დღეს ამ სფეროში საქმიანობს, მაგრამ საქმის პრაქტიკოსი ან მაღალკვალიფიციური პერსონალი ვერ არის. იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ამგვარ პრაქტიკოსთა რეესტრს, შექმნის ელექტრონულ სისტემას, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს ამა თუ იმ პრაქტიკოსს, ვინც უნდა იყოს მომავალში რეაბილიტაციის მმართველი, გაკოტრების მმართველი ან მარეგულირებელი შეთანხმების ზედამხედველი, ან თუ კომპანია მართვაში დარჩება, რეაბილიტაციის ზედამხედველი. უმნიშვნელოვანესი, ვიტყოდი, რევოლუციური ნოვაციაა, რომ ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებების შედეგად ურთიერთდათმობის გზით მივაღწიეთ კომპრომისს. ამისთვის იუსტიციის სამინისტროს ფინანსთა სამინისტროსთან მრავალთვიანი მოლაპარაკებები დაგვჭირდა“, – აღნიშნა თა წულუკიანმა.
ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ ახალი კანონის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო გადახდისუუნარობის არც ერთ პროცესში არ იქნება ჩართული. პროცესს მმართველობას ან ზედამხედველობას, სასამართლო პროცედურის ფარგლებში, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსები გაუწევენ.
„რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს მხრიდან კომპრომისს, რომელიც სანაცვლოდ გახდა შესაძლებელი, ეხება იმას, რომ შემოსავლების სამსახური გახდება არა უპირველესი კრედიტორთა შორის, როგორც ახლა არის, არამედ გახდება რიგითი, ჩვეულებრივი კრედიტორი. ეს რევოლუციური ნაბიჯია. მინდა, ყველა თანამშრომელს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებში, რომლებმაც ეს ინსტიტუციური კომპრომისი ქვეყნის უფრო სწრაფი განვითარებისთვის შეძლეს, გადავუხადო საჯაროდ დიდი მადლობა და მივულოცო ბიზნესსექტორის ყველა იმ წარმომადგენელს, რომელსაც ხანდახან არც კი სჯეროდა, რომ ამხელა, გიგანტური ნაბიჯების და კომპრომისების შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენს მთავრობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის.
„ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის საქართველოს მთავრობა და ეს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის, რომ ხელსაყრელი გარემო შექმნას. უმოკლესი ვადებია დადგენილი სასამართლოსთვის განცხადებების განსახილველად, ასევე, მაგალითად რეგულირებული შეთანხმება რომ დამტკიცდეს, ან კონვერსია მოხდეს რეაბილიტაციიდან გაკოტრებისკენ ან პირიქით. პრაქტიკულად, უზრუნველყოფილია, რომ ყველა ჩართული მონაწილე მხარე, არამარტო სასამართლო, არამედ თვითონ მმართველი ან ზედამხედველი, კრედიტორები, მოვალე კომპანია, მართვაში დარჩება თუ არა, მოკლე ვადაში საქმიანობდეს ერთი მიზნისკენ – კომპანიის გადარჩენა, რეაბილიტაცია, მეორე არის კრედიტორთა არა ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური და უფრო სამართლიანი დაკმაყოფილება, რათა ეს პროცედურა ვინმემ სხვის საზიანოდ არ გამოიყენოს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონპროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აღიშნული კანონი კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიის გაჯანსაღება.