თეა წულუკიანი - ერთადერთი რაც მაღელვებს, შეწყალებაზე მორატორიუმი დიდხანს არ გაგრძელდეს
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ის არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმი კონსტიტუციას არღვევს. ამის შესახებ წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს უფლება, შეიწყალოს ადამიანი. მოცემული კონკრეტული კონიუნქტურიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, დროებით არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებებს, ვიდრე ეს პროცესი არ დაიხვეწება, – აღნიშნა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, მას აღელვებს ის ფაქტი, რომ შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმი დიდხანს არ გაგრძელდეს.
„ერთადერთი, რაც მაღელვებს არის ის, რომ ე.წ. მორატორიუმი არ გაგრძელდეს დიდხანს. არიან პატიმრები, რომლებიც 7, 10, 15, 20 წელია იხდიან სხვადასხვა დანაშაულისთვის სასჯელს, შრომობენ ციხეში, გახდნენ მაგალითად სტუდენტი, ან სტუდენტობის ხანა გაუვიდათ ციხეში, შეიძინეს პროფესია და გარეთ ელოდებათ ოჯახი, იციან, როგორ მოუარონ ახალ ცხოვრებას თავისუფლებაზე ისე, რომ კანონი არ დაარღვიონ. ამ ადამიანებს აქვთ უფლება, მათი საქმეც იქნას განხილული და გადაწყვეტილება მიღებული – ან დადებითი, ან უარყოფითი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი შეწყალების კრიტერიუმებზე საუბრობს.
„არ მგონია, რომ კანონით უნდა აიკრძალოს რომელიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენის შეწყალება საერთოდ. უბრალოდ, უნდა დადგინდეს მკაფიო კრიტერიუმები, როდის და რა პირობებში შეიძლება გახდეს შესაძლებელი ამა თუ იმ დანაშაულის ჩამდენი პირის შეწყალება. განვმარტავ, როდის ნიშნავს იმას, რომ გამორიცხული უნდა იყოს მკვლელის შეწყალება, თუ მას მისჯილი აქვს, მაგალითისთვის, ცხრა წელი ორი წლის თავზე. თუ მკვლელს მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა. ჩვენ, ალბათ, არ უნდა დავუშვათ ის, რომ ეს ადამიანი არ სარგებლობდეს ერთ 20-25 წლის შემდეგ, მისი ასაკიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, მონანიების ხარისხიდან, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხარისხიდან გამომდინარე, არ სარგებლობდეს შეწყალების უფლებით. ამიტომაც ჩვენ კრიტერიუმები უნდა დავხვეწოთ და არა აკრძალვების გზით ვიაროთ“,- განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, კრიტერიუმების ჩამოყალიბებისას შეწყალების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, შემოტანილი იყოს დაზარალებულის კომპონენტიც, რომელიც, იუსტიციის მინისტრის თქმით, დღეს სამწუხაროდ არ არის.
„მაგალითისთვის შემოგთავაზებთ პირობით ვადაზე გათავისუფლების ე.წ. უდოს საბჭოს. როდესაც სახეზეა დაზარალებული, საბჭო ყოველთვის კითხულობს, რას ფიქრობს დაზარალებული მოცემული პატიმრის გარეთ გამოსვლასთან დაკავშირებით. თუ კი იგივე მიდგომა იქნება შეწყალების პროცესშიც, ჩვენ ამას მივესალმებით. აქამდეც რომ ასე ყოფილიყო, ის პრობლემები და საკითხები არ წამოიჭრებოდა, რაზეც ახლა ვმსჯელობთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.