თეა წულუკიანი - ძალიან მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები მაქსიმალურად გამჭვირვალედ შემუშავდეს და ყველასთვის გასაგები იყოს
ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად და გამჭვირვალედ დასრულდეს, რადგან მოსამართლეთა კორპუსს საქმეების განხილვისთვის მოსამართლეები სჭირდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.
ამასთან, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიტერიუმები რის მიხედვითაც მოსამართლეები შეირჩევიან, მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესის შედეგად იყოს შემუშავებული, ყველასთვის გასაგები და კომპრომისების საფუძველზე მიღებული და გაზიარებული.
„ძალიან კომპლექსურ ვითარებაში ვართ, რადგან უმრავლესობის შორის გაჩნდა, ეს უკვე არ არის ახალი, სიღრმისეული აზრთა სხვადასხვაობა. ასევე, ამასობაში მოსამართლეთა კორპუსი ჩივის, რომ საქმეებს ვეღარ იხილავენ თუკი მოსამართლეებს არ დაუნიშნავენ, მხარეებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ მართლმსაჯულება გახდა ნელი, რადგან არ არის საკმარისი ადამიანური რესურსი და ბევრი საქმეა. მთლიანად სურათი არის კომპლექსური, შესაბამისად მე არ ავირჩევდი პოზიციას ვინ სიმართლე თქვა, ვინ უფრო კარგად თქვა, ვინ ნაკლებად კარგად“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მთავარია, პროცესი დასრულდეს სწრაფად.
ამასთან, მან პოლიტსაბჭოს განცხადების იმ ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ფაზაზეა საუბარი.
„პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა რომ მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის რეფორმა გაგრძელდება. ჩვენ ამას ყველა ველოდით, რადგან კვლევა, რომელიც „იფსოსმა“ გამოაქვეყნა, მართალია, აჩვენებს რომ სასამართლოს მომხმარებელთაგან 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, მაგრამ ასევე საზოგადოებამ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება არის ძვირი, ნელი და ამ პრობლემას სასწრაფოდ გამოსწორება სჭირდება“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. პოლიტსაბჭოს განცხადება საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ფაზა მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე დასრულდება.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.