ერთი წლის წინ საქართველოს საპატიმროების სისტემა 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა იუსტიციის სისტემას. სასჯელაღსრულების სისტემა ჩამოყალიბდა საქვეუწყებო დაწესებულებად და მას დაერქვა სპეციალური პენიტენციური სამსახური, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
მისი თქმით, ამჟამად ქვეყანაში მოქმედებს 15 პენიტენციური დაწესებულება. დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში 9 987 პატიმარია. აქედან სასჯელს იხდის 7 969 პირი, ხოლო დანარჩენი, 2 018 პირი ბრალდებულის სტატუსით განაჩენს ელოდება.
„დღეს ამ 10 000-მდე პატიმარს უვლის და მათ უფლებებზე ზრუნავს 3 500 თანამშრომელი, რომელსაც ამ ტრიბუნიდან მივესალმები. შარშანვე ჩვენ მიზნად დავისახეთ, პენიტენციური სისტემა ყოფილიყო კარგი მმართველობის პრინციპების შესაბამისად მართული და ჩვენი მზრუნველობის საგანი ყოფილიყო არა მხოლოდ პატიმარი და არა მხოლოდ მისი უფლებები ყოფილიყო დაცული, არამედ ჩვენი მზრუნველობის საგანი გამხდარიყო ასევე თანამშრომელი. შარშანვე დაიწყო სიღრმისეული ოპტიმიზაციის პროცესი სამოქალაქო დანაყოფებში, რაც წელს თებერვალში დასრულდა. სამოქალაქო დანაყოფში მოსამსახურეთა რიცხვის შემცირების ხარჯზე ჩვენ გავაძლიერეთ სპეციალური დანაყოფები და სამოქალაქო დანაყოფებს ვუხსნით და ვუნერგავთ ერთ მთავარ პრინციპს ძალოვანი სტრუქტურისა, რომ სამოქალაქო დანაყოფი არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს სპეციალური დანაყოფის სრულყოფილ ფუნქციონირებას”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, შედეგად დაიზოგა თანხები სამოქალაქო დანაყოფების რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის ხარჯზე. ეს კი, პირდაპირ პასუხობს მთავრობის მიერ გაცხადებულ ფუძემდებლურ პრინციპს – მცირე მთავრობის პრინციპი.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ოპტიმიზაციის, და არა მხოლოდ, მიზნებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის თებერვლიდან გაუქმდა და ლიკვიდაცია მოხდა სასჯელაღსრულების ე. წ. სპეცრაზმის და აღნიშნული პროცესი აპრილის ბოლოს დასრულდა.
„ამ პროცესმაც, დანარჩენ პროცესებთან ერთად, საშუალება მოგვცა, გაძლიერებულიყვნენ დანაყოფები საპატიმრო დაწესებულებებში, ვისაც გაძლიერება სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. პენიტენციური სისტემის შემოერთებისას ჩემი პირველივე დაპირება გახლდათ, რომ მაშინდელ ბადრაგს, ახლანდელ ესკორტის ოფიცერს ექნებოდა ფორმა, გაიზრდებოდა მათი რიცხვი. დავპირდი, რომ გაიზრდებოდა ხელფასი. დავპირდით, რომ ექნებოდათ ქარხნული დამზადების ესკორტის მანქანები და, რომ შევამცირებდით ჩვენი ბრალით, ჩვენი მიზეზით სასამართლო პროცესების ჩაშლის რიცხვს და ამით ხელს შევუწყობდით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისწრაფეს. მე დღეს შემიძლია, ღიად და თამამად ვთქვა, რომ თითოეული ეს დაპირება არის შესრულებული. მივესალმები ჩვენი ესკორტის ოფიცრებს. მათ დღეს აქვთ ახალი, საუკეთესო ხარისხის ფორმა. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შემოვიყვანეთ და გადავეცით მათ 29 ესკორტის მანქანა, რომელი არის პირველი ამ სისტემაში ქარხნული წესით დამზადებული. ამით ჩვენ ნელ-ნელა ვემშვიდობებით ფურგონის ტიპის მანქანების შესყიდვას, მათში ხელით რკინის კონსტრუქციების ჩამონტაჟებას და რამდენიმე თვეში ძრავებთან პრობლემას, რაც შლიდა სასამართლო პროცესებს, რადგან მათ მანქანები საკმარისი ოდენობით არ ჰყავდათ. გაიზარდა ესკორტის ოფიცრების ხელფასიც, საშუალოდ 270 ლარით. ზოგ პოზიციაზე გაორმაგდა კიდეც, რადგან ახალგაზრდებისთვის 400-ლარიანი ბადრაგის პოზიცია, 500-ლარიანი, თუნდაც 600-ლარიანი, მძიმე პირობებიდან გამომდინარე, საინტერესო არ იყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მისი თქმით, გაიზარდა ესკორტის ოფიცრების რიცხვი და დღეს მათი დეფიციტი 276-დან 108 პოზიციამდე შემცირდა. ამ პოზიციებზე კი, ვაკანსიები შეივსება ღია კონკურსით.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის შედეგად, ორჯერ შემცირდა სასამართლოებში პენიტენციური სამსახურის მიზეზით სასამართლო პროცესის ჩაშლის რიცხვი.
„მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურთ რომ იმსახურონ ესკორტის სამსახურში, მოვუწოდო, მომავალ კონკურსებშიც მიიღონ მონაწილეობა. კონკურსის წესით პირველად შეივსო წელს ესკორტის სამსახური და რამდენიმე ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდა, რომელიც ესკორტის სამსახურში დასაქმდა, უკვე ახალ ფორმაში, ახალი იარაღით აღჭურვილი დღეს იმ პატიმრების უსაფრთხოებას იცავს, ვინც დღეს მოვიწვიეთ და ამ დარბაზში ჩვენთან ერთად ესწრებიან ანგარიშს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დაინერგა ყველა მორიგე თანამშრომლისთვის უფასო კვების სისტემა.
„ეს არის ალბათ, სახელმწიფოს მხრიდან მინიმუმი, რაც შეგვეძლო პატიმრებზე ზრუნვის შემდეგ პირველ რიგში ჩვენი თანამშრომლებისთვის გაგვეკეთებინა ამდენი წლის შემდეგ. შეიძლება, თამამად ითქვას, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიბარა ნაწამები ციხე, მოუარა და მიხედა პატიმარს, ჩვენ გვაქვს დღეს იმის ფუფუნება, უკვე მივხედოთ ჩვენს სახელმწიფოს და თანამშრომლებს, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში არიან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.