თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ზოგიერთმა უწყებამ კიბერუსაფრთხოების ისეთივე მაღალი სტანდარტი უნდა დანერგოს, როგორიც სამთავრობო სტრუქტურებშია
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უწყებებს, რომლებიც მასშტაბური კიბერშეტევის მსხვერპლი გახდნენ, მოუწევთ, კიბერუსაფრთხოების ისეთივე მაღალი სტანდარტი დანერგონ, როგორიც არის სამთავრობო სტრუქტურებში.
„ვნახეთ, რომ ორი კერძო კომპანია, რომელთანაც ცალკეულ საკრებულოებს, სასამართლოებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვთ განთავსებული ვებგვერდები, გახდნენ კიბერშეტევის მსხვერპლი. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ტელევიზიები იყვნენ კიბერშეტევის მსხვერპლი თუ სხვა მიზეზი იყო, რის გამოც მათ ფუნქციონირება დროებით ვერ შეძლეს. მაგრამ ფაქტია, რომ საკრებულოები, ზოგიერთი მათგანი, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სასამართლოები იყვნენ ამ შეტევის მსხვერპლი.
ეს ნიშნავს, რომ მათ მომავალში მოუწევთ, ისეთივე მაღალი სტანდარტი დანერგონ თავისთან, როგორიც არის სამთავრობო სტრუქტურებში. რადგან ამ კიბერშეტევის მსხვერპლი არ ყოფილა არც ერთი სამინისტრო ან მთავრობის ადმინისტრაცია, რადგან ჩვენ მაღალი ხარისხით კიბერუსაფრთხოება გვაქვს დანერგილი ჩვენს სერვერებზე. მომავალში საჭირო იქნება, ამ უწყებებმა, მიუხედავად იმისა, რომ არ არიან აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ჩვენთან ითანამშრომლონ. მათ, დაწყებული კიბერუსაფრთხოების ოფიცრის აყვანიდან სამსახურში, ასევე თავიანთი ვებგვერდების უსაფრთხო ადგილებზე განთავსებასთან დაკავშირებით, შესაბამისი რჩევები უნდა მიიღონ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა გუშინ განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.
კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.