თეა წულიუკიანი - ანატოლი ბიბილოვის განცხადება არის მოქალაქეებისთვის აკრძალვა, რომ არ იქონიონ ოჯახური და სხვა პირადი კავშირები საკუთარ გარემოცვასთან
თეა წულიუკიანი - ანატოლი ბიბილოვის განცხადება არის მოქალაქეებისთვის აკრძალვა, რომ არ იქონიონ ოჯახური და სხვა პირადი კავშირები საკუთარ გარემოცვასთან

ანატოლი ბიბილოვის განცხადება არის მოქალაქეებისთვის აკრძალვა, რომ არ იქონიონ ოჯახური და სხვა პირადი კავშირები საკუთარ გარემოცვასთან, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანი ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მოთხოვნას, სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღების თაობაზე, შემაშფოთებელს უწოდებს.

„ბატონი ბიბილოვის ეს განცხადება არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლობა, არამედ პრაქტიკულად შეიძლება დახასიათდეს როგორც ადამიანების და მოსახლეობის მახეში და ტყვეობაში მოქცევა. მათთვის იმის აკრძალვა, რომ არ იქონიონ ოჯახური და სხვა პირადი კავშირები საკუთარ გარემოცვასთან, რაც არის ნამდვილად უკიდურესად შემაშფოთებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მოითხოვა. მან თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევში, ახალგორის მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადავა. ე.წ. პრეზიდენტის მოსაზრებით, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართონ. მის განცხადებას მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა და მათ კულტურის სახლში მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მოსახლემ თქვა, რომ მათი ნათესავები თბილისში ცხოვრობენ და თუ მათ სანახავად „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობაზე უარის თქმაა საჭირო, მაშინ მზად არიან, პასპორტი ჩააბარონ. ამასთან დაკავშირებით კი, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა.