ოკუპირებულ ახალგორში ანატოლი ბიბილოვის შეხვედრაზე მოსახლეობამ მის განცხადებაზე პროტესტი გამოთქვა
ოკუპირებულ ახალგორში ანატოლი ბიბილოვის შეხვედრაზე მოსახლეობამ მის განცხადებაზე პროტესტი გამოთქვა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღებას ითხოვს. ის აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევში, ახალგორის მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადავა. ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა ახალგორში, ადგილობრივებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ე.წ. პრეზიდენტის მოსაზრებით, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართონ.

როგორც ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, ამ ზომას მან უსაფრთხოების მიზნით მიმართა. ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა და მათ კულტურის სახლში მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„არ მინდა, ამ ხალხის წინაშე მოღალატე ვიყო. სწორედ ამიტომ, ზომები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, აბსოლუტურად გაცნობიერებულია. მშვენივრად ვაცნობიერებ, რომ თქვენ ამას ვერ გაიგებთ, თუმცა ამ ზომაზე უარის თქმა, როგორც პრეზიდენტს, ნამდვილად არ შემეძლო. ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. თუ თქვენ ერთი მთლიანობა ხართ, მაშინ მოდით, ერთად ვეცადოთ მოვაგვაროთ პრობლემა, რომელიც გზების დაკეტვის პროვოცირებას იწვევს. ჩვენ ხომ ერთად ვართ. მოდით, ერთად მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას, პოსტი აიღონ“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მოსახლემ თქვა, რომ მათი ნათესავები თბილისში ცხოვრობენ და თუ მათ სანახავად „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობაზე უარის თქმაა საჭირო, მაშინ მზად არიან, პოსპორტი ჩააბარონ. ამასთან დაკავშირებით კი, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა.

დატოვე კომენტარი