რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში დაკვირვების ქვეშ 27 პაციენტი რჩება
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის განცხადებით, ამ ეტაპზე რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში დაკვირვების ქვეშ 27 ადამიანი იმყოფება.
მისივე თქმით, საავადმყოფო ამჟამად ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, დირექტივის მიღების შემდეგ კი, შესაბამისად იმოქმედებენ.
თეა თავართქილაძის განმარტებით, საკარანტინო სივრცე არ მოიცავს რეანიმაციას.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპისთვის რესპუბლიკური საავადმყოფო მზადაა, მიიღოს 15 მძიმე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, 25 კი ინტენსიურ ბლოკში.
ამასთან, თავართქილაძის განცხადებით, არის საშუალება, რომ საკარანტინო ზონა გადაკეთდეს პალატებად, სადაც ნაკლებად მძიმე პაციენტები მოთავსდებიან.
„ამ ეტაპზე როგორც იცით ჩვენი კლინიკა არის საკარანტინო ზონად გადაკეთებული. გვაქვს სამი საკარანტინო სივრცე -15 , 15 და 20 საწოლიანი. საკარანტინო სივრცეები არ მოიცავს ემერჯენსს და რეანიმაციას. ამ ეტაპისთვის მზად ვართ, რომ მივიღოთ 15 მძიმე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, 25 ინტენსიურ ბლოკში. გვაქვს საწოლი და ასევე ის საკარანტინო ზონა შეიძლება გადაკეთდეს პალატებად და ვთქვათ ნაკლებად მძიმე პაციენტები გადავიდნენ იქ. საავადმყოფო გამოთავისუფლებულია, ამ ეტაპზე დარჩენილია 27 პაციენტი, რომელიც იმყოფება დაკვირვების ქვეშ საკარანტინო ზონაში.
ჯერჯერობით ყველაფერი რჩება იმ რეჟიმში რა რეჟიმშიც ვმუშაობდით გუშინ, გუშინწინ და დღეა დილას. როგორც კი მივიღებთ ჩვენ დირექტივას, უკვე დავიწყებთ მოქმედებას. რესპუბლიკური ამ ეტაპზე სრულად არის გადაკეთებული საკარანტინო ზონად. ამ ეტაპზე მხოლოდ დარჩენილია 27 პაციენტი, რომელიც აგრძელებს მკურნალობას, ახლაც ველოდებით სამ პაციენტს, რომელიც გადმოვა ჩვენთან და იქნება ჯერჯერობით დაკვირვების ქვეშ. ამ ეტაპზე ტემპერატურული რეაქცია არც ერთს არ აღენიშნება, ყველა პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. იყო ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, დღეისათვის ყველაფერი არის დამაკმაყოფილებელი“ ,- აღნიშნა თეა თავართქილაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
კერძოდ, პაციენტების რიცხვის დრამატული მატების შემთხვევაში, თუ რამდენად არის მზად ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი.
მან მედიას მთავრობის მიერ ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილება გააცნო.
ცერცვაძის თქმით, საკარანტინო პაციენტების გარდა სხვა პაციენტებს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად, კიდევ რამდენიმე კლინიკა, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფო მიიღებს.