თეა ახვლედიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანს შეხვდა
თეა ახვლედიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელთან, ჯოანა ბარტონთან და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანთან, ანიეს ქოთუსთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების ჰუმანიტარული პროცესისა და მისი შემდგომი მდგრადობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე.

„შეხვედრაზე მიმოიხილეს ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სტრატეგიული კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესის აქტუალური საკითხები.

მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა და იპოვონ თანამშრომლობის საუკეთესო ოპტიმალური გზა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პროგრამის შემდგომი წარმატებით განხორციელების მიზნით; პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით დაიგეგმა კონკრეტული სამომავლო ნაბიჯები.

შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო მინისტრმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ფარგლებში, ასევე ICRC-ის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა ანიეს ქოთუს, რომელიც ICRC-ს დესპანის მისიას ასრულებს“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.