თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაერო-ს მიერ შეტანილი წვლილისათვის, ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისკენ.

„თეა ახვლედიანმა დეტალურად ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.