თეა ახვლედიანმა სამოქალაქო საზოგადოებასთან 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესრულება შეაჯამა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა და 2023 წლის შუალედური ანგარიში შეაჯამა.
სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისად დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების დინამიკაზე, მიღწეული შედეგებისა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების, სახელმწიფოს მიერ დანერგილი ინტეგრაციის მხარდამჭერი მექანიზმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რომელზეც დამსწრეებმა სახელმწიფო მინისტრს განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გააცნეს. სახელმწიფო მინისტრმა ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
თეა ახვლედიანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
„დღეს ჩვენ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმების განხორციელების ანგარიშები წარვუდგინეთ სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს, რაც ჩვენ მიერ წარმართული პოლიტიკის ღია და ინკლუზიური განხორციელების, მონიტორინგის და ანგარიშგების პროცესის ნაწილია, რა დროსაც ჩვენ განუხრელად ვხელმძღვანელობთ უმაღლესი დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტებით. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული დისკუსიისას ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სტრატეგიის განხორციელების დინამიკის წარმოჩენაზე და იმ პროგრესზე, რომელმაც უკვე არსებითი შედეგები მოიტანა. ასევე, განვიხილეთ ის სამომავლო ღონისძიებები და ინიციატივები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომ ინტეგრაციასა და ჩვენი არაქართულენოვანი მოქალაქეების სრულფასოვან მონაწილეობას და ჩართულობას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
სხდომა გაიმართა „საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამასთან“ (UNDP) თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.