შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერთან, ოლეგ სერებრიანთან, რომელიც საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, სახელმწიფო მინისტრის მოწვევით იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობას და მნიშვნელობას, მათ შორის 2018 წელს გაფორმებული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
მხარეებმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, მიმდინარე პროცესებზე და საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.
სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის სხვადასხვა განზომილება, პრიორიტეტები, ამოცანები და აქცენტი გააკეთა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შერიგების, ჩართულობის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე, რაც მიზნად ისახავს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
თეა ახვლედიანმა მოლდოვის ვიცე-პრემიერს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი შედეგები, არსებული გამოწვევები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე უფლებრივ და ჰუმანიტარულ ვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევების, ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის ჩათვლით.
შეხვედრაზე აღინიშნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი ურთულესი გამოწვევები და მათი გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე.
ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოსა და მოლდოვას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის როლს და შემდგომი მხარდაჭერის კონსოლიდაციის აუცილებლობას. მხარეები შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
„საქართველოსა და მოლდოვას, ჩვენს საერთო ინტერესებში შემავალი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, საერთო მიზნები, გამოწვევებიც გვაკავშირებს, რომელთა შორის ცალსახად აღსანიშნავია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანება და, ზოგადად, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. შესაბამისად, გასული წლის განმავლობაში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის მჭიდრო ურთიერთობების განახლებას და ახალი იმპულსის მიცემას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რის შედეგადაც, ჩვენი მოწვევით, საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი სტუმრობს. შემდგომი ორი დღის მანძილზე მხარეებს საშუალება გვექნება, განვიხილოთ აქტუალურ საკითხთა ფართო სპექტრი. დღევანდელ შეხვედრაზე კი ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ჩართულობისა და შერიგების, ისევე როგორც მოლდოვის კონტროლს მიღმა არსებულ რეგიონთან მიმართებით ჩვენი მთავრობების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე, გავუზიარეთ ერთმანეთს დაგროვილი გამოცდილება, ჩვენი სამომავლო ხედვები, ისევე როგორც შევჯერდით ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიც-სპიკერთან – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარესთან და სხვა პარლამენტარებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. ვიზიტი აგრეთვე ითვალისწინებს სახელმწიფო მინისტრთან ერთად ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის მონახულებას.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.