თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსანმსახური ავრცელებს.
„შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგების და ჩართულობის პროცესში, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით. ამავე კონტექსტში, აღინიშნა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას ასახავს და ამგვარად, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ადგილზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის ჩათვლით.
საუბარი ასევე შეეხო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს და სამომავლო ხედვებს, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
თავის მხრივ, ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“,- აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.