თეა ახვლედიანი - ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს
ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის 12 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
მინისტრის თქმით, ხელისუფლება შიდა და საერთაშორისო რესურსების გამოყენებით აგრძელებს მუშაობას უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
„ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღევებთან დაკავშირებით. უკანონო დაკავებები საქართველოს ხელისუფლების უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს, რაც 2008 წლის ოკუპაციის მძიმე შედეგია. ჩვენ შიდა და საერთაშორისო რესურსის გამოყენებით ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა ყოველი ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ ამ და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული თემატიკის სრულ სპექტრზე. ცენტრალური ხელისუფლების და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ყოველი ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.