თეა ახვლედიანი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა
თეა ახვლედიანი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის პროცესში ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით.

მხარეებმა განიხილეს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში ბრიტანულ მხარესთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, სამომავლო გეგმები და ინიციატივები. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით. თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა სახელმწიფო მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ბრიტანული მხარის დაფინანსებით ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე, ასევე სამომავლო პროექტების თაობაზე.

თეა ახვლედიანმა ელჩს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.