თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო ხედვების, ასევე შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული გზების განხილვა წარმოადგენდა.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის, ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
თეა ახვლედიანმა ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ამოცანებზე, რაც სტატუსნეიტრალური, ჰუმანიტარული ინსტრუმენტების და სამშვიდობო ინიციატივების გამოყენებით კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე მიზნად ისახავს, შექმნას წინაპირობები და მოამზადოს სათანადო საფუძველი ომით ხელოვნურად გაყოფილ ადამიანებს შორის ისტორიულად დამკვიდრებული, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული მშვიდობიანი თანაცხოვრების აღსადგენად.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ – ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ“ მიმდინარეობას და პრიორიტეტებს, ამ პროცესში განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობას, მიღწეული შედეგებს და სამომავლო ხედვებს, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია.
საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა და შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.
„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინტენსიური და მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგები, ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებსა და გამოკვეთილ ტენდენციებზე. მიმდინარე უკანონო ოკუპაციის და მისი თანმდევი მძიმე შედეგების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ და განუხრელად აგრძელებს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის თანმიმდევრულ და პრაგმატულ განხორციელებას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით და ცალსახად აღინიშნა მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც მხარდაჭერა შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული პოლიტიკის განხორციელების მიმართ“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.