თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელ ვიორელ მოშანუსს შეხვდა
თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელ ვიორელ მოშანუსს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, ვიორელ მოშანუსთან შეხვედრა გამართა.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით.

შეხვედრა ძირითადად ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული რიგით 110-ე შეხვედრის შედეგების განხილვას მიეძღვნა.

სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ეუთო-ს მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა ცხინვალის რეგიონში დაკავებული პირების ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და აღნიშნეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასა და სხვა ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროება.

თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

თავის მხრივ, ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.