თეა ახვლედიანი - ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ერთხმად დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ერთხმად დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაზე დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების განხილვას.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტი ერთხმად დადებითად და ძალიან მნიშვნელოვნად შეფასდა. ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ჩვენი ქვეყნისთვის საქართველო-ევროკავშირის საბჭოს სხდომაც, სადაც პრემიერ-მინისტრის დონეზე საქართველოს დელეგაციას პირველად მიეცა შესაძლებლობა, ევროკავშირთან ემსჯელა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში. დიდი ყურადღება დაეთმო ასევე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოების შერიგების და ევროკავშირის შემდგომი ჩართულობისა და მხარდაჭერის გზების განხილვას. ევროკავშირმა, რასაკვირველია, კიდევ ერთხელ ერთხმად დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.