თეა ახვლედიანი - 2030 წლისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი ეცოდინება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა სრულ უმრავლესობას
თეა ახვლედიანი - 2030 წლისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი ეცოდინება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა სრულ უმრავლესობას

2030 წლისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი ეცოდინება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა სრულ უმრავლესობას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი ხედვისა და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების ინტეგრაციის მიზნების მისაღწევად, პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად განიხილება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

„ბოლო წლებში სახელმწიფოს ძალისხმევით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, სახელმწიფო ენის ცოდნა ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება, რომლის დასაძლევად ჩვენ შევიმუშავეთ კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმები ქართული ენის პოპულარიზაციის, შესწავლის შესაძლებლობების გაფართოების და ხარისხის გაუმჯობესების, საჯარო სივრცეში გამოყენების მიზნით.

სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების კომპლექსური ღონისძიებების გატარება, როგორც ფორმალურ განათლებაში – საბავშვო ბაღებში, სკოლებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში – ასევე ზრდასრულთა და არაფორმალური განათლების მიმართულებით, რამდენიმე წელიწადში არსებით და ხელშესახებ შედეგებს მოიტანს, პირველ რიგში, სასწავლო პროგრამებისა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესების, ისევე როგორც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოების გზით“, – აცხადებს ახვლედიანი.

მინისტრის თქმით, ახალი ხედვის ფარგლებში ქართული ენის სწავლება დაიწყება სკოლამდელი განათლების დონეზე.

„ენის სასწავლო კურსები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მათ შორის მობილური ჯგუფებისა და დისტანციური განათლების საშუალებით; ასევე, გაფართოვდება და უფრო მასშტაბური გახდება ენის სწავლება საჯარო ორგანიზაციებში, სამხედრო სამსახურში, რელიგიურ დაწესებულებებში, სასწავლო ცენტრებსა და პენიტენციურ სისტემაში.

სიახლე ისიცაა, რომ სახელმწიფო ენის პროგრამებს დაემატება საინტეგრაციო კომპონენტი ბენეფიციარების ასაკის შესაბამისი კონტექსტით. სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს განათლების დონე.

ჩვენი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოსახლეობის 13,1%-ს შეადგენენ, ხელმისაწვდომია განათლების ყველა საფეხური – შექმნილია უნიკალური და გამარტივებული გზა უმაღლესი და პროფესიული განათლების მისაღებად.

მიუხედავად ამისა, საინტეგრაციო მიზნებიდან გამომდინარე, განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის განგრძობადი ამაღლება კვლავ ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პრიორიტეტად დავისახეთ, რომელიც გაძლიერდება ახალი მექანიზმებით როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში“, – აცხადებს მინისტრი.

ახვლადიანის თქმით, აღნიშნული მიზნით განვითარდება საგანმანათლებლო გარემო და სწავლა-სწავლების მიდგომები, რაც განხორციელდება უახლესი სასწავლო სტრატეგიების დანერგვის, არაქართულენოვანი პედაგოგების საუნივერსიტეტო მომზადების და პროფესიული განვითარების, ახალი სახელმძღვანელოების შექმნისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორენოვანი განათლების ახალი მოდელის დანერგვის გზით, რომლის პილოტირება უკვე დაწყებულია.

„სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება და სპეციალური საჭიროებების მოსწავლეების მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არსებითად შეცვლის საგანმანათლებლო გარემოს.

სხვადასხვა კვლევისა და შეფასების სტატისტიკური მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, ჩვენი ამბიციური ხედვის რეალიზების მიზნით, წარმოდგენილი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შედეგად, კონკრეტულ ვადებში ველოდებით არსებით და ხელშესახებ შედეგებს, რომელთაც ეტაპობრივად მივაღწევთ.

2030 წლისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი ეცოდინება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა სრულ უმრავლესობას – 99,5%-ს; ზრდასრულ მოსახლეობაში ენა საკომუნიკაციო დონეზე ეცოდინება ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების 81%-ს და ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების – 61%-ს“, – აცხადებს თეა ახვლედიანი.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება თითოეულ მოქალაქეს შეუქმნის საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად რეალიზების ახალ პერსპექტივებს, ამავდროულად, შეამცირებს ეთნოსთაშორისი კომუნიკაციის ბარიერებს, რაც შედეგად სახელმწიფოებრივ თემებთან მიმართებაში საზოგადოების კონსოლიდაციის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. აღნიშნული პროცესების პარალელურად შენარჩუნებული და მხარდაჭერილი იქნება მშობლიური ენების სწავლება.