„თბილსერვის ჯგუფი“ - დასუფთავების დროს, პარლამენტთან არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უახლოეს დროში რუსთაველის გამზირზე დაბრუნდება
აქციისთვის საჭირო კონსტრუქცია უახლოეს დროში დაბრუნდება რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს დილით დაასუფთავეს რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია. მათივე ინფორმაციით, იქ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს.
რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ის ადგილზე არ დახვედრიათ.
„ვეხმაურებით გავრცელებულ ინფორმაციას, აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციებისა და ატრიბუტიკის დაკარგვის შესახებ. „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს გეგმურად დაასუფთავა რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია. იქ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, „თბილსერვის ჯგუფს“ ის არ დახვედრია ადგილზე.
გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ მიზანი არ ყოფილა აქციისთვის ხელის შეშლა, ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება.
რაც შეეხება აქციისთვის საჭირო კონსტრუქციას, იგი უახლოეს დროში დაბრუნდება რუსთაველის გამზირზე“,- აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.