თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 14 ნოემბრიდან იწყება
თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 14 ნოემბრიდან იწყება

თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადებების მიღება 14 ნოემბრიდან იწყება. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, ვისაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართის მიღება სურს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, თბილისში ბინის მისაღებად განაცხადების გაკეთება შეუძლიათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც დედაქალაქში 2013 წლის პირველ ივნისამდე არიან რეგისტრირებულები. ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში კი განაცხადების გაკეთება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

განაცხადები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში 2024 წლის პირველ თებერვლამდე მიიღება.

„დევნილთა განსახლების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, 2023-2025 წლებში საცხოვრებლით 13 000-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონ ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.