თბილისში ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიური მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge გაიმართება
თბილისში ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიური მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge გაიმართება

თბილისი წელს ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმს Welcome Challenge-ს უმასპინძლებს. მასშტაბური ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება. ფორუმთან დაკავშირებით სასტუმრო თბილისი მერიოტში პრეზენტაცია უკვე გაიმართა.

Welcome Challenge არის მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიური მსოფლიო ფორუმი და ინვესტორ-სტარტაპების დამაკავშირებელი ღონისძიება.

ფორუმი დარგის საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპებს, ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისა და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ.

ყოველწლიურად მრავალი საერთაშორისო ღონისძება იმართება სტარტაპებისა და საინვესტიციო ორგანიზაციების მონაწილეობით. მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ფორუმი და ამ დარგის სტარტაპების საერთაშორისო ჩემპიონატი მსოფლიოში პირველად, თბილისში იმართება.

პირველი Welcome Challenge თბილისში 23-26 ოქტომბერს გაიმართება . ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მასპინძლობის ინდუსტრიის მსოფლიოს საუკეთესო 25-30 სტარტაპი, რომელთა მოღვაწეობა ფარავს ამ ინდუსტრიას და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ, ასევე არატექნოლოგიურ ფართო სპექტრს.

პროექტის ფინალური ტურები ამიერიდან ყოველთვის საქართველოში ჩატარდება.

ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს მთავრობაა.