თბილისში Touch Digital Summit-ს Google-ის, airbnb-ის, „ლეგოს“ წარმომადგენლები დაესწრებიან
24 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო ციფრული კონფერენცია Touch Digital Summit გაიმართება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება საქართველოში მესამედ ტარდება. Touch Digital Summit-ის მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა. კონფერენციას Google-ის, airbnb-ის, „ლეგოს“ ექსპერტები და წარმომადგენლები დაესწრებიან. წელს პირველად მოეწყობა სტარტაპ ექსპო, სადაც სტარტაპებსა და პოტენციურ ინვესტორებს ერთმანეთთან გასაუბრების შესაძლებლობა ექნებათ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Touch Digital Summit ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ამ სფეროს მრავალ, საინტერესო მიმართულებაზე მომუშავე ორგანიზაციებს აერთიანებს. პროექტი ყოველწლიურად მეტ საერთაშორისო დონის სპიკერს მასპინძლობს, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. Touch Digital Summit-ზე წარმოდგენილი იქნება თემატური პრეზენტაციები და მასტერკლასები, რომლებიც დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემებს მოიცავს: მონაცემების ანალიზი, მოგზაურობა, თანამედროვე ციფრული ტენდენციები, მომავლის ტექნოლოგიები, მარკეტინგული სტრატეგიები და ა.შ.
გასულ წლებში ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ National Geographic-ის, Google-ის, youtube-ის და impact hub Vienna-ს წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებებით.
„შაბათს, 11:00 საათზე, კლუბი KHIDI-ის კარი გაიღება სტუმრებისთვის, რომელსაც Touch სამიტი ციფრულ სამყაროში ამოგზაურებს. 11:00 საათიდან, Main stage-ზე შეხვდებით სპიკერებს კომპანიებიდან: Google, Airbnb, Farfetch, Google Cloud, Philips, Morethandigital, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ა.შ. ისინი ისაუბრებენ ციფრული სამყაროს დღევანდელ გამოწვევებზე, საინტერესო გადაწყვეტილებებზე, პრობლემების მოგვარების ალტერნატიულ გზებზე და განსხვავებულ გამოცდილებაზე. მთავარ სივრცეში მოეწყობა Startup Area, სადაც ქართული ციფრული სტარტაპები წარდგებიან თავიანთი პროდუქტებით და გექნებათ საშუალება გაეცნოთ და მიიღოთ მეტი ინფორმაცია კონკრეტული სტარტაპების შესახებ. 12:00 საათიდან Startup Stage-ზე იწყება პანელური დისკუსია. 14:00 საათიდან კი დაიწყება Pitch competition ( ე.წ. ფიჩების შეჯიბრი), ციფრული მიმართულების სტარტაპებს შორის. აქტივობები პანელური დისკუსიით დასრულდება“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.