თბილისში თამბაქოს კონტროლის შესახებ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი მიმდინარეობს
თბილისში თამბაქოს კონტროლის შესახებ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი მიმდინარეობს.
როგორც ფორუმის დაწყებამდე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა, ფორუმის მონაწილეებს თამბაქოს კონტროლის კუთხით საქართველოს გამოცდილებას გაუზიარებენ.
„ასევე შეჯერება ხდება შემდგომ ნაბიჯებსა და სამომავლო ხედვაზე, რომ საბოლოო ჯამში თამბაქოსგან თავისუფალი მსოფლიო მივიღოთ. 6 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად იღუპება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავდების შედეგად, 15 წლით ადრე, ვიდრე რომ არ ყოფილიყო თამბაქოს მოხმარება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისი თქმით, საქართველოში თამბაქოს კონტროლის კუთხით მიღებული კანონის ამოქმედების შემდეგ თამბაქოს რეკლამა და აგრესიული მარკეტინგი აღარ ხორციელდება.
„რასაც ყველა ვხედავთ, თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა აღარ არის. აგრესიული მარკეტინგი, რომლებიც მიზნობრივად ბავშვებსა და ქალებზე იყო მიმართული, აღარ არის, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. დახურულ შენობებში მოწევის აკრძალვამ მოქალაქეების ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღო. კანონის აღსრულების მიმართ კონტროლის კუთხით კომიტეტში თემატური მოკვლევაა გახსნილი და წერილობით პოზიციებს ველოდებით, რამდენად მუშაობს კანონი, როგორია მისი უარყოფითი თუ დადებითი შედეგები“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, მოკვლევა სამი თვე გაგრძელდება და საჯარო მოსმენა გაიმართება.
თბილისში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება ორ დღიანი „საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი თამბაქოს კონტროლის შესახებ“. ფორუმი ორგანიზებულია „FCTC 2030” პროექტის ფარგლებში, სადაც საქართველო, როგორც პარტნიორი და წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში, უმასპინძლებს თოთხმეტი პროექტის პარტნიორი ქვეყნის პარლამენტის წევრებს.