ადვოკატი - თბილისში, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს
ადვოკატი - თბილისში, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გ.ჭ-ს მეუღლის სახლში, თბილისში, მცხეთის ქუჩაზე პოლიცია ჩხრეკას ატარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

ადვოკატების თქმით, გუშინ, რუსთავში, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული ვაზნები დაკავებულის მამას ეკუთვნის.

ადვოკატების თქმით,  გ.ჭ. ადასტურებს, რომ მკვლელობის დღეს სოსო ქუთათელაძეს შეხვდა, თუმცა დანაშაულთან კავშირს უარყოფს.

ალექსანდრე კობაიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ საუბრობს.

„ხორციელდებოდა ფსიქოლიგიური ზეწოლა, რომ ეღიარებინა სოსო ქუთათელაძის მკვლელობა, რის შემდეგაც, ის შეუძლოდ გახდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაკავებულს კარგი ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილთან, რომელიც მკვლელობის დღესაც ნახა.

შსს-ში  აცხადებენ, რომ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ერთი პირია დაკავებული.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ქუთათელაძის ცხედარი 15 იანვარს დაცვის თანამშრომელმა ნახა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე კონკრეტულ შედეგებს უახლოესი დღეებისთვის ელოდება.