თბილისში სოციალურად დაუცველთა 63 სასადილოდან ორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოები შეამოწმა.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, შემოწმდა 63 ობიექტი, საიდანაც კრიტიკული შეუსაბამობა ორ შემთხვევაში აღინიშნა.
„სახელმწიფო კონტროლი 63 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც კრიტიკული შეუსაბამობა მხოლოდ ორ შემთხვევაში აღინიშნა. სააგენტოს სპეციალისტებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების, მათ შორის სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოების შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. მოწმდება სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის შენახვის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და პროდუქციის ვარგისიანობა. გააქტიურებული კონტროლის და სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირებულია“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.