თბილისში სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებას 17:00 საათიდან ვარაუდობენ
თბილისში სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებას 17:00 საათიდან ვარაუდობენ

თბილისში დღეს 17:00 საათიდან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 20-25 მეტრი წამში ქარის სიჩქარე თბილისისთვის უჩვეულო არ არის, თუმცა სააგენტო მოქალქეებს მოუწოდებს, მაღალ ხეებთან და მაღალსართულიან კორპუსებთან გაჩერებას მოერიდონ.

„დაახლოებით 17:00 საათიდან გაძლიერდება ქარი და მისი სიჩქარე შიდა უბნებში 20-25 მეტრი წამში იქნება, ხოლო გარეუბნებში არ არის გამორიცხული, მიაღწიოს 30 მეტრს წამში. 25-25 მეტრი წამში საერთაშორისო კლასიფიკაციით მიეკუთვნება ძლიერი ქარის კატეგორიას, 25-ის ზემოთ კი ძალიან ძლიერი ქარის კატეგორიას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიჩქარის ქარი თბილისისთვის უჩვეულო არ არის, საკმაოდ ხშირად ყოფილა და თუ სათანადო სიფრთხილეს გამოვიჩენთ, შეიძლება, თავიდან ავიცილოთ უარყოფითი შედეგები.

სიფრთხილე მდგომარეობს იმაში, რომ მოვერიდოთ მაღალ, განსაკუთრებით არამდგრად ხეებს, რომლებიც მრავლად არის. მანქანებს ნუ დავაყენებთ მათ სიახლოვეს, მოვერიდოთ ტროტურებზე მაღალსართულიან კორპუსებთან სიარულს, რათა რამე ნივთი არ ჩამოვარდეს და არ დაგვიზიანოს ჯანმრთელობა. რაც მთავარია, ქარის ხანგრძლივობა დიდი არ იქნება და ხვალ დილიდან დაიწყებს კლებას“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ჭითანავამ.

მისი თქმით, საქართვლოში უკვე მესამე დღეა, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერი ვრცელდება, რამაც უკვე გამოიწვია ნალექი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.

„ამას ერთვის ის გარემოება, რომ არც ისე ცივა, ამის გამო ნალექი წვიმის სახით მოდის როგორც დაბლობში, ასევე მთიან რეგიონებში, რაც ჰიდროლოგიური თვალსაზრისით ამწვავებს სიტუაციას, რადგან მდინარეში ჩადის როგორც ნაწვიმარი წყალი, ასევე თოვლის დნობის შედეგად მიღებული წყალი. ამიტომ დასავლეთ საქართველოს მდინარეებში წყლის დონემ საკმაოდ სწრაფად აიწია.

არ გამოვრიცხავთ, რომ ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ კიდევ აიწიოს და საშიშ ნიშნულს მიაღწიოს, ამიტომ ამ შემთხვევაშიც ვთხოვთ მოსახლეობას, ვინც ახლოს ცხოვრობს მდინარესთან, ან რამე საქმიანობას ეწევა, ამ ხნის განმვლობაში მოერიდოს მდინარის სანაპიროსთან ყოფნას.

ზღვის სანაპიროს რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ ზღვის სანაპიროზე შტორმი დაახლოებით 5-6 ბალიანი იქნება, რაც ქარით არის გამოწვეული. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ქარის სიჩქარე 20-25 მეტრ წამს მიაღწევს და ბალიანობა 5-6 ოდენობის იქნება“, – განაცხადა რამაზ ჭითანავამ.