თბილისში მიმდინარე წლის შემოდგომაზე ექვსი განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნება. ამასთან, ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში კიდევ სამი ბაღი, რომელთა რემონტიც მიმდინარეობს.
როგორც საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ბაღების ავარიულ შენობებს გამაგრება-რეკონსტრუქცია უტარდება. მათგან შვიდი კაპიტალურ გამაგრებას ექვემდებარება, ორ შენობაში კი ავარიული ფლიგელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თბილისის N4, N170, N200, N100, N126, N150, N144, N55 და N2 საბავშვო ბაღების ავარიულობის შესახებ დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადო, რის შემდეგაც კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული შენობებიდან ბავშვები ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, შენობების გამაგრების პარალელურად, განახლდება საბავშვო ბაღების ეზოები – შეიცვლება გზის საფარი და მოეწყობა სათამაშო მოედნები.
მიმდინარე სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ დაათვალიერა.
მისი განცხადებით, ორი ნაგებობა, კერძოდ, მე-4 და 55-ე ბაღების შენობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მათი რეკონსტრუქცია შედარებით გრძელვადიანი იქნება. ისინი მომავალი წლის გაზაფხულზე გაიხსნება.
რაც შეეხება დანარჩენი ბაღების გახსნის ვადებს, სააგენტოს გეგმის თანახმად, სექტემბერში, გაიხსნება შემდეგი ბაღები: 100-ე, 170-ე, 200-ე, 150-ე, 126-ე, 144-ე. მე-2 ბაღის გახსნა კი 2020 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.