თბილისში, საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერები დამონტაჟდება
თბილისში, საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერები დამონტაჟდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, მერია შესაბამის ტენდერს აცხადებს.
„მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ველობილიკებზე მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ვაცხადებთ ტენდერს საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით. როდესაც ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, ვცდილობთ, ევროპული სტანდარტი მაქსიმალურად გამოვიყენოთ და გავითვალისწინოთ დედაქალაქის ქუჩებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სხვანაირად შეუძლებელია არსებული პრობლემის მოგვარება.
„მარტო ის არ არის, რომ ავტობუსები ჩავანაცვლეთ. ქალაქში არის სერიოზული პრობლემა საცობების თვალსაზრისით და ზუსტად ასეთი პროექტებით არის შესაძლებელი, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. კონკრეტული მაგალითი გვაქვს კოსტავა-შარტავას ქუჩებზე, სადაც მოწესრიგებულია მოძრაობა და საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს გადაადგილება პიკის საათებშიც კი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები მოწესრიგდება, ველობილიკები გაკეთება ყველგან, სადაც შესაძლებელია.
„იქნება ასევე ავტობუსის ზოლები. ავტობუსის დახაზული ზოლი ნიშნავს, რომ ეს არის მხოლოდ ავტობუსისთვის და არა ნებისმიერი მძღოლისთვის. საპარკინგედ აქვთ გადაქცეული ეს ადგილები. დამონტაჟდება ჭკვიანი კამერები და კანონდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა. ეს თუ არ მოვაწესრიგეთ, სხვანაირად შეუძლებელია, მაშინ რისთვის ვიხარჯებით, რატომ ვწვალობთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, კამერების შესაძენად 4 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„ასევე, ეს საკითხი უკვე გავლილი გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.