მთაწმინდის ფერდზე, 700 ჰექტარზე ხე-მცენარეები განახლდება, ასევე დაგეგმილია 60-კილომეტრიანი ბილიკების კეთილმოწყობა
მთაწმინდის ფერდზე, 700 ჰექტარზე ხე-მცენარეები განახლდება, ასევე დაგეგმილია 60-კილომეტრიანი ბილიკების კეთილმოწყობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას დიდი ყურადღება ექცევა, რადგან ეს გავლენას ახდენს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.

ამ მიმართულებით კახა კალაძემ ყურადღება მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისი განახლება ახალი ხე-მცენარეებით იგეგმება.

მისი თქმით, მთაწმინდის ფერდის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქის ფილტვებია.

„არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დაახლოებით 700 ჰექტარი, ცოტა მეტი ტერიტორია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მხედველობაში მაქვს არსებული ხე-მცენარეები. კონკრეტულად, ფიჭვები, რომელიც არის დაავადებული. ეს ეხება არა მხოლოდ მთაწმინდის ფერდს, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით ფიჭვების თვალსაზრისით ცუდი მდგომარეობაა. სანიტარული ჭრები დაწყებულია, პარალელურად მიმდინარეობს ახალი ხე-მცენარეების დარგვა. მთაწმინდის ფერდი მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქის ფილტვებია. მისი განახლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს. ფონდ „ქართუ“-სა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მადლობას ვუხდი ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის. დღეს საზოგადოებას პროექტი წარვუდგინეთ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. 700 ჰექტარ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების განახლება მოხდება. ამავე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბილიკების კეთილმოწყობა, რათა მთაწმინდის ფერდი უფრო საინტერესო გავხადოთ. საუბარია 60 კილომეტრ ბილიკზე, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც ფეხით გადაადგილება, ასევე ველობოლიკები. მაგარი პროექტი იქნება და მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

დატოვე კომენტარი