თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადავადდა
თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს ჩვენთვის იმისთვის არის საჭირო, რომ სწორად შევაფასოთ დღევანდელი რისკ-ფაქტორები და ამისთვის ეპიდემიოლოგებთან ერთად გვჭირდება ორი კვირა. ამის შემდეგ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში“, – განაცხადა გახარიამ.
მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან. გიორგი გახარიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კერძო სკოლებსაც ეხება.