თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც 7000-ზე მეტ ბენეფიციარს ემსახურებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას განაგრძობენ, 56 დაწესებულება კი, პროგრამას გამოეთიშება
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ემსახურებიან 7000-ზე მეტ მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ჩვეულებრივ გააგრძელებენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.
საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თამარ გაბუნიამ მიაწოდა. მინისტრის მოადგილემ ასევე საკითხის არსი განმარტა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარში მთავრობის დადგენილება იქნა მიღებული, რომელიც მიზნად ისახავდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირველადი ჯანდაცვის ქსელში სელექტიური კონტრაქტირების ამოქმედებას საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში. დღეს კი, მსჯელობა შედგა, რომელი დაწესებულებები უნდა დარჩეს პროგრამაში სერვისის მიმწოდებლად დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით.
„საქმე ეხება, როგორც მიმაგრებული მოსახლეობის რაოდენობას და საწყისი კრიტერიუმი იყო 13000 და მეტი მოსახლეობა, ასევე მონაწილეობას პრევენციულ სერვისებში, ადამიანური რესურსის განათლების პროგრამებში. აღნიშნული კრიტერიუმები დაწესებულებების გარკვეულმა ნაწილმა დააკმაყოფილა. თბილისის ფარგლებში სულ 117 დაწესებულება არის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე, ასევე 20-მდე ბათუმისა და ქუთაისის ფარგლებში. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვანია, ასევე ვიმსჯელეთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე რომელი დაწესებულებები უნდა დარჩეს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს შესაფერისი ხელმისაწვდომობა ბაზისურ სერვისებზე. საქმე ეხება დაბების მოსახლეობას, მაგალითად, დაბა წყნეთი, ასევე თბილისის მოშორებული რაიონების მოსახლეობა – ფონიჭალა, ლილოს დასახლება, სადაც მოსახლეობა მცირეა და 13000 მაჩვენებლის მიღწევა ვერ მოხერხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, აქ დარჩეს დაწესებულებები. ვიმსჯელეთ იმ დაწესებულებებზეც, რომელთა მოსახლეობა არის 7000-ს ზემოთ, ანუ ზღვარი არის 7000-დან 13 000-მდე. როდესაც დავიწყეთ სელექტიური კონტრაქტირება და მოხდა სისტემის შეფასება, ბაზისური ერთეული, რომელსაც უნდა დაემყაროს სამომავლოდ პირველადი ჯანდაცვის სისტემა, ოპტიმალური გეოგრაფიული განაწილებით იყო სწორედ 7000-იანი ზღურბლი, რომელსაც თავისუფლად და პრობლემების გარეშე, ხარისხიანად შეუძლია დამატებითი მოსახლეობის მიმაგრება ბაზისური სერვისებისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარე პერიოდში „კოვიდ-19“-ის ეპიდემიიდან გამომდინარე ამ დაწესებულებებისთვის გარკვეულწილად რთული იყო აქტიური მარკეტინგის წარმოება, რაც საბჭომ გაითვალისწინა.
„დაწესებულებები, რომლებიც დღეს ემსახურებიან 7000-ზე მეტ მოსახლეობას არის სულ რამდენიმე, სადაც მოსახლეობა არის 7000 ან 8000, არის ასევე დაწესებულებები, რომელთა მიმაგრებული მოსახლეობა აღემატება 10 000-ს, 11 000-ს, უახლოვდება 13 000-ს, ძალიან ხელოვნური გადაწყვეტილება იქნებოდა დღეს ამ დაწესებულებების პროგრამიდან გამოთიშვა. ჩვენთვის ოპტიმალური მოწყობა არის ისეთი, რომელიც ემყარება სწორედ მათ გაძლიერებასა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას. ამდენად, ეს დაწესებულებები პროგრამაში მონაწილეობას გააგრძელებენ. საბჭოს რეკომენდაცია ასეთია, რაც გამყარდება მინისტრის ბრძანებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, მისი თქმით, რამდენიმე დაწესებულება ადგილზე შეფასდება, 65 კი, პროგრამას გამოეთიშება.
„ჯამში სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს 56 სამედიცინო დაწესებულება. ისინი ემსახურებოდნენ მოსახლეობის მცირე რაოდენობას – 200, 300, 1 000, 1 500 ადამიანს, იყვნენ გაფანტული. ჯამურად 56 დაწესებულებასთან მიმაგრებული იყო 90 000 ადამიანი. ესენი პირველ ეტაპზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით სხვა მოქმედ დაწესებულებებს მიემაგრებიან. შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის უფლება და ისინი არჩევანს გააკეთებენ იმ დაწესებულებებს შორის, რომლებიც განაგრძობენ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება დასაქმების საკითხს, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ სისტემაში დღეს ოჯახის ექიმებისა და ექთნების დეფიციტი უფრო მწვავე პრობლემაა, ვიდრე ექიმებისა და ექთნების სიჭარბე.
„56 დაწესებულება, რომლებიც აღარ გააგრძელებენ პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას, სპეციალიზებული ტიპისაა, აწვდიან ამბულატორიულ სერვისს. ისინი გააგრძელებენ სხვა პროგრამების ფარგლებში ან კერძო დაფინანსებით სერვისების მიწოდებას. იქ დასაქმებული ოჯახის ექიმებისთვის, რომელთა დიდი ნაწილისთვის ეს იყო მეორადი სამსახური, მათი ძირითადი სამსახური იყო ძირითად დიდ ცენტრებში, ყოველთვის მოიძებნება ადგილი ძირითად დაწესებულებებში, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობას გააგრძელებს. ამ დაწესებულებებში არის ნამდვილად საჭიროება, რომ სამედიცინო პერსონალი რაოდენობრივად გაიზარდოს. თითოეული აღნიშნული დაწესებულება მზად არის და სამინისტრო, თავის მხრივ, აუცილებლად ხელს შეუწყობს სამედიცინო პერსონალის მობილიზებას, რაც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „კოვიდის“ მიზნებისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, დღეს ოჯახის ექიმებისა და ექთნების მწვავე საჭიროებაა და ამდენად, უმუშევრობის რისკი პრაქტიკულად არ არსებობს.