თბილისში ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული გაიმართება
თბილისში ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული გაიმართება

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და სერვანტესის ინსტიტუტთან თანამშრობლობით, თბილისში ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული გაიმართება.

თბილისს ეწვევიან თანამედროვე ესპანელი მწერლები ელენა მედელი, პატრიცია ესტებან ერლესი, არკაითს კანო, ნიკოლას მელინი, სერვანტესის ინსტიტუტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი მარტინ ლოპეს-ვეგა და სერვანტესის ინსტიტუტის ბულგარეთის ოფისის დირექტორი ხავიერ ვალდივესო.

კვირეულის ფარგლებში, ესპანელი მწერლები მკითხველთან საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს გამართავენ ქართველ კოლეგებთან პაატა შამუგიასთან, თეონა დოლენჯაშვილთან და ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად. ღონისძიებებს მოდერაციას გაუწევენ თანამედროვე მწერლები და კრიტიკოსები შოთა იათაშვილი და ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი.

ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეულის მიზანია ქართული ლიტერატურისა და ავტორების ცნობადობის გაზრდა და ესპანურ ლიტერატურულ სივრცეში პოპულარიზაცია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ესპანურენოვანი ლიტერატურული ღონისძიებები სექტემბერშიც გაგრძელდება, როცა თბილისს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და აღიარებული პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კვირეული 16 აპრილს გაიხსნება, პირველ შეხვედრას ქართველ მკითხველთან პოეტური კრებულებისა და ესსეების ავტორი ელენა მედელი გამართავს. ის ქართველ კოლეგასთან პოეტ პაატა შამუგიასთან ერთად ქართული და ესპანური პოეზიის თავისებურებებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს; 17 აპრილს ესპანური და ქართული მოთხრობების თავისებურებებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ პატრიცია ესტებან ერლესი და არკაითს კანო ქართველ კოლეგასთან თეონა დოლენჯაშვილთან ერთად; 18 აპრილს თანამედროვე ესპანელი მწერალი ნიკოლას მელინი ქართველ კოლეგასთან ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად რომანის ჟანრის თავისებურებებზე ისაუბრებს.

ღონისძიებებს 16 აპრილს უმასპინძლებს მწერალთა სახლი, 17 აპრილს წიგნის მაღაზია „ლიგამუსი“ და 18 აპრილს „სტამბის წიგნები“.