თბილისში ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, დაშავდა ერთი ადამიანი [ფოტო]
თბილისში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, შემოსულია 10 შეტყობინება, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
უწყების ცნობით, ძირითადად, ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა ავტომანქანები დააზიანა.
„ყველაზე მეტი – ხუთი შეტყობინება, შემოსულია გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან, სადაც წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა. ხის წაქცევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში, ერთ სახლს გადახადა სახურავი.
ხის წაქცევამ ერთი ავტომანქანა დააზიანა ისანი – სამგორის რაიონში.
ორი შეტყობინება შემოვიდა დიდუბე – ჩუღურეთის რაიონიდან, სადაც ხის წაქცევას ზიანი არ გამოუწვევია.
ორი გამოძახება დაფიქსირდა მთაწმინდა -კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე – მაშველებმა ყველა შემთხვევაზე უკვე მოახდინეს რეაგირება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.