თბილისში ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიება ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. მუზეუმის გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრებოდა.
მუზეუმში პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები – ეპოქალური ნივთები, ავეჯი, ხალხური საკრავები და სხვა მასალებია დაცული.
სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგამოფენო სივრცეების რეაბილიტაცია ამ დრომდე მიმდინარეობდა. ასევე, საგამოფენო სივრცეში პირველად იქნება გამოყენებული 3D ანიმაცია. ანიმაციაზე რეჟისორმა დავით კიკნაველიძემ იმუშავა.
„ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ძალიან კარგად არის გაკეთებული, მათ შორის, ტექნოლოგიურადაც. 3D ანიმაცია მართლაც საოცრებაა და აქ მომსვლელებს მისცემს შესაძლებლობას, რეალობაში აღიქვან ყველაფერი. ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე არის ჩვენი კულტურა, ტრადიციები, რომელსაც სჭირდება მოვლა-პატრონობა, რომელსაც სჭირდება მოფერება. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ამ მიმართულებით მუშაობა, რომ ის რაც გაგვაჩნია, შევინარჩუნოთ. ჩვენ ვართ ძალიან მდიდარი ქვეყანა და შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა, რომ ყველაფერი მოწესრიგებული გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. სასიხარულოა ისიც, რომ იუნესკო-მ ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების ნუსხაში შეიტანა. ესეც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ვულოცავ სრულიად საქართველოს“,- განაცხადა კალაძემ.