თბილისში მოკლული მამაკაცის ახლობლები ამბობენ, რომ ნუგზარ კახიძეს 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა
თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლული მამაკაცის ახლობლები მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ. მათი თქმით, ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო.
როგორც ახლობლები ყვებიან, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში მოკლეს. მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დღის პირველ ნახევარში ბიზნესმენის სახლში მივიდა, თქვა, რომ ბანკიდან იყო და წერილი უნდა გადაეცა.
მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დამხმარე ქალმა კარი გააღო, მამაკაცმა სროლა დაიწყო. მან შვიდჯერ გაისროლა. ნუგზარ კახიძეს ოთხი ტყვია გულმკერდის არეში მოხვდა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დაჭრილია დამხმარე ქალიც. მას ტყვია მხარში მოხვდა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მკვლელობა დღეს მოხდა. მოკლულია ერთ-ერთი ბაზრობის მეწილე ნუგზარ კახიძე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.