თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველთან“ ადამიანის უფლებათა კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართება
ევროკავშირი, გაერო და საქართველოს სახალხო დამცველი დღეიდან ადამიანის უფლებათა კვირეულს იწყებენ.
ადამიანის უფლებათა კვირეულის გახსნის ღონისძიება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 11:00 საათზე გაიმართება.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს ევროკავშირის, გაერო-ს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გახსნიან. კვირეული წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს ეძღვნება და მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხების დირექტორი ლოურენს მერიდიტი, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმღვანელი მუნხტუია ალთანგერელი და სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი ვლადიმერ შკოლნიკოვი გამოვლენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის გახსნაზე „ქოლგა ფოტო ფესტივალის“ მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა და ახალი მულტიმედიური პლატფორმის, #StandUp4HumanRights #ადამიანისუფლებებიჩვენია პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება მოქალაქეებისათვის ცნობადობის ამაღლების აქტივობებსაც მოიცავს. მსჯელობა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე გაიმართება.
საქართველოში ევროკავშირის საელჩო ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის განრიგსაც ავრცელებს.
ორშაბათი, 10 დეკემბერი, 11:00 – 13:00, ადამიანის უფლებათა კვირეულის გახსნა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
ორშაბათი, 10 დეკემბერი, 14:00 – 18:00, კონფერენცია საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. საქართველოს პარლამენტი.
პარასკევი, 14 დეკემბერი, 18:00 – 20:00, ადამიანის უფლებების საღამო, შეხვედრა მულტიმედიური პლატფორმის #StandUp4HumanRights #ადამიანისუფლებებიჩვენია მონაწილეებთან.
პარასკევი, 14 დეკემბერი, 14:00, საჯარო ლექცია ილიას სახელობის უნივერსიტეტში. სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება.
22 ნოემბერი – 14 დეკემბერი, საჯარო ლექციები ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოს უნივერსიტეტებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალქალაქი, თელავი, თბილისი).
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღების შემდეგ დაწესდა.