თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველთან“ ადამიანის უფლებათა კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართება

07:22, 10.12.2018

ევროკავშირი, გაერო და საქართველოს სახალხო დამცველი დღეიდან ადამიანის უფლებათა კვირეულს იწყებენ.

ადამიანის უფლებათა კვირეულის გახსნის ღონისძიება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 11:00 საათზე გაიმართება.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს ევროკავშირის, გაერო-ს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გახსნიან. კვირეული წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს ეძღვნება და მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხების დირექტორი ლოურენს მერიდიტი, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმღვანელი მუნხტუია ალთანგერელი და სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი ვლადიმერ შკოლნიკოვი გამოვლენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის გახსნაზე „ქოლგა ფოტო ფესტივალის“ მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა და ახალი მულტიმედიური პლატფორმის, #StandUp4HumanRights #ადამიანისუფლებებიჩვენია პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება მოქალაქეებისათვის ცნობადობის ამაღლების აქტივობებსაც მოიცავს. მსჯელობა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე გაიმართება.

საქართველოში ევროკავშირის საელჩო ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის განრიგსაც ავრცელებს.

ორშაბათი, 10 დეკემბერი, 11:00 – 13:00, ადამიანის უფლებათა კვირეულის გახსნა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

ორშაბათი, 10 დეკემბერი, 14:00 – 18:00, კონფერენცია საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. საქართველოს პარლამენტი.

პარასკევი, 14 დეკემბერი, 18:00 – 20:00, ადამიანის უფლებების საღამო, შეხვედრა მულტიმედიური პლატფორმის #StandUp4HumanRights #ადამიანისუფლებებიჩვენია მონაწილეებთან.

პარასკევი, 14 დეკემბერი, 14:00, საჯარო ლექცია ილიას სახელობის უნივერსიტეტში. სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება.

22 ნოემბერი – 14 დეკემბერი, საჯარო ლექციები ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოს უნივერსიტეტებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალქალაქი, თელავი, თბილისი).

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღების შემდეგ დაწესდა.

მსგავსი