თბილისში მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა
თბილისში მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა

თბილისში მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიისა და ასოციაცია „აგორას“ თანამშრომლობის შედეგად აშენდა და აღიჭურვა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა იან სლივამ, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და ასოციაცია „აგორას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თენგიზ სვანიძემ.

ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციით, პროექტში 400 000 ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო და განხორციელდა ჩეხეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონალური ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ცენტრის ძირითადი მიზანია, საქართველოში მეფუტკრეობის დარგის განვითარება და მეფუტკრეობასთან დაკავშირებული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. ცენტრს ძირითადად სასწავლო დაწესებულების ფუნქცია ექნება, სადაც როგორც უკვე გამოცდილი, ასევე დამწყები მეფუტკრეები შეძლებენ, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ამ მიმართულებით გაიღრმავონ ​საკუთარი ცოდნა.

„შეიქმნა მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი, რომლის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ურბანული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და უფრო ფართო ჭრილში, თბილისის, როგორც „მწვანე“ ქალაქის ხედვის წარმოჩენა. აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის მერიის მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან. პროექტის მეორე ფაზის ეტაპზე, დღეს მოვაწერთ ხელს მემორანდუმს და ცენტრი დაიწყებს აქტიურ მუშაობას, მომსახურებას გაუწევს დაინტერესებულ პირებს როგორც საგანმანათლებლო, ისე ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით. ასევე, იფუნქციონირებს მეფუტკრეობის ლაბორატორია, რომელიც დარგისთვის სასარგებლო და საჭირო კვლევებს განახორციელებს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ღონისძიებაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანს პარტნიორობის პირობების ჩამოყალიბება და მეფუტკრეობის ცენტრის მუდმივი მხარდაჭერა წარმოადგენს.