თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას სერგეი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის ადგილიდან უძღვება
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გრძელდება.
პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვება.
ამ დროისთვის სესიის მონაწილეებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი ანდრეას მიხაილიდისი მიმართავს.
ასამბლეაში 25 ქვეყნის დელეგაციის 100-მდე წევრი მონაწილეობს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. აქციის მონაწილეებმა, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სესიის ჩატარება, ასევე საქართველოში სესიაში მონაწილეობის მიზნით ორგანიზაციის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა გააპროტესტსეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების სირცხვილია საქართველოში იმ რუსი დეპუტატის ყოფნა, რომელმაც საქართველოს ოკუპაციას და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას დაუჭირა მხარი.
კომენტარი გუშინ სერგეი გავრილოვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ არასდროს მიუღია მონაწილეობა რამე მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე.
ამასთან, გუშინდელ ღონისძიებაზე საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა.