საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა
საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა. ელჩის განცხადებით, ის არ ესწრება გავრილოვის სიტყვით მიმართვას.

„მე მხოლოდ უკრაინის ორთოდოქსული ეკლესიის სურვილზე გავაკეთებ კომენტარს. ყველა უკრაინელს სურს საკუთარი ეკლესია და რაც ვიცით და რაც მივიღეთ, ეს არის მკაცრი წინააღმდეგობა მოსკოვის მხრიდან“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეას რუსეთი თავმჯდომარეობს, უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება წევრებზეა დამოკიდებული, ვინ იმსახურებს პრეზიდენტობას.

„რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიები და დღესაც აგრძელებს ბრძოლას. დღეს ჩვენ გვყავს ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაჭრილი სამხედრო. ეს არის რუსეთი ჩვენთვის. ძალიან მარტივია, რაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქრისტიანული რელიგია და ეკლესია არის მშვიდობისა და მშვიდობიანი არსებობისთვის და არა ტერიტორიების ოკუპაციისთვის. სულ ეს არის. მე მეტი კომენტარი არ მაქვს“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნა. საქართველოში ჩამოვიდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი, რომელიც ღიად უჭერს მხარს რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას.

ამასთან, მოქალაქეთა ჯგუფმა მისი ჩამოსვლა გააპროტესტა. სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები გავრლოვის საქართველოში ჩამოსვლას სამარცხვინოს უწოდებენ.