თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟის დროს სამი მუშა დაშავდა
თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟის დროს სამი მუშა დაშავდა

თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ნანგრევებში სამი მუშა მოყვა.

როგორც სასწრაფო დახმარების პრესსამსახური აცხადებს, ორი დაშავებული ალადაშვილის სახელობის და „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში არიან გადაყვანილი. მესამე მუშა კი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამივე დაშავებული მუშა კონტაქტურია.

„თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე ტოგონიძის განცხადებით, ფონდის დაკვეთით, ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ინსი“ ახორციელებდა.

„აღნიშნული მისამართი იყო ავარიულ მდგომარეობაში და და პროექტით რაც იყო გათვალისწინებული, იმ მონაკვეთის დემონტაჟი ხორციელდებოდა, რა დროსაც ჩამოიშალა ნაწილი და მოყვა ორი მუშა. ირივე მუშა საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ, თუმცა, გამოკვლევებსა და შემოწმებებს გადიან“, – განაცხადა ალექსანდრე ტოგონიძემ.