თბილისში ლენი კრავიცის კონცერტი აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას TKT.GE ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტურნე – HERE TO LOVE გაუქმდა.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თავად მომღერალი ოფიციალურ წერილში ამ გადაწყვეტილებას მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ რეალობას უკავშირებს.
„მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ამ მომენტისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და ჩემი ბენდის წევრების ჯანმრთელობაა“, – აღნიშნავს იგი.
TKT.GE-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეძენილი ბილეთების თანხა 15 ივლისიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში ბარათზე ავტომატურად დაბრუნდება.
ლენი კრავიცის გრანდიოზული კონცერტი, 2020 წლის 31 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო კონცერტის გამართვის თარიღი შეიცვალა და 2021 წლის 29 მაისისთვის გადაიდო.