თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში უამინდობის შედეგად ხე წაიქცა.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ლადო ასათიანის N38-ში ხის წაქცევის გამო ჩახერგილი იყო გზის სავალი ნაწილი.
„ადგილზე მობილიზებულია ერთი სამაშველო ეკიპაჟი. მაშველებმა მოტეხილი ხე დაჭრეს და დაამუშავეს.
გზის სავალი ნაწილი ამ დროისთვის თავისუფალია“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
თბილისში რამდენიმე საათია ამინდი გაუარესდა, დაისეტყვა რამდენიმე უბანი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 17-18 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელ-ჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, ქარის დროებითი გაძლიერება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა დროულად მოხდეს ყველა შემთხვევაზე რეაგირება.