თბილისში კონფერენცია „ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნები და საქართველო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები“ მიმდინარეობს
თბილისში კონფერენცია „ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნები და საქართველო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები“ მიმდინარეობს

თბილისში, „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებითა და საქართველოში „ვიშეგრადის ოთხეულის“ (ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი) ქვეყნების საელჩოების მხარდაჭერით, კონფერენცია – „ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნები და საქართველო – ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები“ მიმდინარეობს.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გახსნა. ღონისძიებას ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი. ასევე ესწრება 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი საქართველოდან და ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებიდან,საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

კონფერენციის მიზანია, საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის ეკონომიკური გამოცდილების გაზიარება.

უნგრეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ელჩები საქართველოში, სპეციალურად კონფერენციისთვის ჩამოსულ ექსპერტებთან ერთად ქართულ ბიზნეს სექტორს უზიარებენ იმ გამოცდილებას, რაც აღნიშნულმა ქვეყნებმა ეკონომიკური ტრასფორმაციის დროს გაიარეს. 

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის განმარტებით, დღევანდელი კონფერენციის თემა არის თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან. 

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ბრუნვის მაჩვენებელი არც ისე მაღალია. ზვიად ჭუმბურიძე სწორედ ამ გარემოებას ასახელებს კონფერენციის ორგანიზების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ვიშეგრადის ქვეყნების დაინტერესება საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით იმედიას მომცემია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. ეს გაერთიანება ვიშეგრადის ოთხეულია, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული პერსპექტივით საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით. საკმაოდ საინტერესო გეგმებია. ვნახოთ ქართული ბიზნესი როგორ შესთავაზებს პარტნიორობას ამ ქვეყნებს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხეულში არის საკმაოდ დიდი პოტენციალი“, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.