თბილისში კონფერენცია „ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა“ გაიმართება
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივით, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს თბილისში კონფერენცია „ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა“ გაიმართება.
ორგანიზატორთა განცხადებით, მსგავსი ფორმატის კონფერენცია, სადაც სასამართლო ხელისუფლება და ბიზნესი ერთმანეთს ხვდება, საქართველოში პირველად იმართება და ის ყოველწლიურად ჩატარდება.
ამასთან, უზენაეს სასამართლოსთან შეთანხმებით, წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება, უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში, ბიზნესასოციაციებისა და ბიზნესსექტორის შეხვედრების გამართვა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ უზენაესი, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები, ასევე ქართული და უცხოური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, მოქმედი მოსამართლეები მოხსენებას გააკეთებენ ბიზნესსაქმიანობიდან წარმოშობილ დავათა სამართლებრივი მოწესრიგების მნიშვნელოვან ასპექტებზე და აღნიშნულ დავათა გადაწყვეტის პრაქტიკულ საკითხებზე, ასევე გაიმართება დისკუსია.
გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ბიზნესკომპანიების ხედვა საქართველოში ბიზნესის განვითარების პერსპექტივებისა და ამ მიმართულებით სასამართლოს როლის შესახებ.
კონფერენცია „ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა“ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 11:00 საათზე გაიხსნება.