ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესგარემოს მხრივ მოქნილი სასამართლო სისტემა, ასევე საჯარო სექტორში ბიუროკრატია მთავარ გამოწვევად რჩება 
ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესგარემოს მხრივ მოქნილი სასამართლო სისტემა, ასევე საჯარო სექტორში ბიუროკრატია მთავარ გამოწვევად რჩება 

2019 წელს ბიზნესგარემოს მიმართულებით მთავარ გამოწვევად ბიზნესდავების ეფექტიანად გადასაწყვეტად მოქნილი სასამართლო სისტემა, საჯარო სექტორის საშუალო რგოლში ბიუროკრატია და ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური და პროპორციული რეგულაციები რჩება, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ გასული წლის ანგარიშისა და მიმდინარე წლის გეგმების წარდგენისას განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასულ წელს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის გადადგმულ ნაბიჯებს შორის დღგ-ის დაბრუნების პროცედურის გამარტივებას, ელექტრონული საგადასახადო რეზიდენტის რეფორმას, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მეექვსე პოზიციაზე დაწინაურებას, საფრანგეთის საარბიტრაჟო სასამართლოსთან თანამშრომლობის დაწყებასა და მცირე ბიზნესის რეფორმას (დაბეგვრის ახალი შეღავათიანი რეჟიმი) უსვამს ხაზს.

საქართველოს ბიზნესომბუდსენმა, ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში დღეს წარადგინა.  ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი იან ვან ბილსენი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციების, ეკონომიკური გაერთიანებების, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.