თბილისში კომპოზიტორ არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფა გაიხსნა
თბილისში კომპოზიტორ არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს მხარდაჭერითა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, თბილისში ცნობილი კომპოზიტორის, არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფა გაიხსნა.

აბრა უზნაძის ქუჩა #93-ში მდებარე შენობაზე განთავსდა, სადაც არამ ხაჩატურიანი 1906-1922 წლებში ცხოვრობდა. აღნიშნული საკითხი თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ განიხილა და მას დადებითი რეკომენდაცია მისცა.

ცნობილი კომპოზიტორის მემორიალური დაფა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა, აშოტ სმბატიანმა გახსნეს. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე ესწრებოდა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ცნობილი კომპოზიტორის მემორიალური დაფის გახსნა ამ მეგობრობის კიდევ ერთი სიმბოლოა.

„მე-20 საუკუნის გენიალური კომპოზიტორის, დირიჟორისა და პედაგოგის, არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფის განთავსების თხოვნით დედაქალაქის საკრებულოს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ მომართა. ამ სახლში, რომელიც XIX საუკუნის ბოლო პერიოდით თარიღდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წლიდან აქვს მინიჭებული, ცნობილი კომპოზიტორი არამ ხაჩატურიანი 1906-1922 წლებში ცხოვრობდა. ხაჩატურიანი საქართველოში დაიბადა და მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში თან სდევდა თბილისთან დაკავშირებული მოგონებები. მის შემოქმედებაზე, სომხურ ხალხურ მუსიკასთან ერთად, გავლენა თბილისურმა ქალაქურმა ფოლკლორმაც მოახდინა. მემორიალური დაფის გახსნა თბილისში კიდევ ერთი სიმბოლოა ქართველი და სომეხი ხალხის ურყევი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თავის მხრივ, სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე სომხეთის ელჩმა, აშოტ სმბატიანმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია როგორც სომხეთისთვის, ასევე საქართველოსთვის. სომხეთის ელჩმა თბილისის საკრებულოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„დღეს ჩვენ გავხსენით ცნობილი კომპოზიტორის, არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფა შენობაზე, სადაც მან ახალგაზრდობის წლები გაატარა. არამ ხაჩატურიანის შემოქმედებამ მსოფლიო კულტურის ისტორიაში თავისი ადგილი დაიკავა, თუმცა შემოქმედების პირველი ნაბიჯები სწორედ თბილისში გადადგა. ამიტომ დღევანდელი ღონისძიება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა აშოტ სმბატიანმა.